English / ქართული / русский /
ალიმი ხერხაძე
საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური განვითარების უთანასწორობის პრობლემები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები

ანოტაცია:წინამდებარე ნაშრომი შეეხება საქართველოს რეგიონების არათანაბარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვას, მათი მიზეზების ძიებას და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების დასხვას. ქვეყნის არათანაბარი ეკონომიკური განვითარება, ცენტრისა და პერიფერიის მაცხოვრებლებს შორის მკვეთრ სოციალურ-ეკონომიკურ სხვაობას იწვევს, რაც განაპირობებს ქაოსურ ურბანიზაციას და რეგიონული პოტენციალის აუთვისებლად დატოვებას მისი დაცლის ფონზე. ჩვენი მიზანია შეძლებისდაგვარად გავაანალიზოთ საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური განვითარების უთანასწორობის პრობლემები და დავსახოთ მათი აღმოფხვრის გზები.

საკვანძო სიტყვები: რეგიონული გამოთანაბრება, ეკონომიკური განვითარება, საგადასახადო სტიმულირება, ურბანიზაცია, რეგიონული განვითარება. 

შესავალი

საქართველოს ცალკეულ რეგიონში არსებული რეალობა არის ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური სიძლიერის მნიშვნელოვანი ინდიკატორი. სწორედ ამიტომ, სწორი ანალიზი და პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, მათი განვითარების შესაძლებლობები საკმაოდ განსხვავებულია. ამიტომ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭიროა ცალკეული რეგიონის განვითარების პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენება და რესურსების გადანაწილება. საქართველოს მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული რეგიონებში. მათი უმრავლესობა ცხოვრობს მუნიციპალურ ცენტრებში და ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ეკონომიკური აქტიურობის დონე შედარებით მაღალია. რეგიონების განვითარების დონეებს შორის უთანაბრობას ასევე განაპირობებს მათი ბუნებრივ-გეოგრაფიული თავისებურებები, სამრეწველო, ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების განსხვავებული დონე.

რეგიონებში ცხოვრების პირობების გამოთანაბრება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისთვის, რათა ქვეყანაში შეიქმნას მეტნაკლებად თანაბარი სოციალური განვითარების დონე და დემოგრაფიული განსახლებაც პროპორციული იყოს. XX საუკუნიდან მოყოლებული, გლობალური მასშტაბით შეინიშნება ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი, ხოლო სოფლის მაცხოვრებელთა წილი კვლავაც დიდია ე.წ. ,,მესამე სამყაროს“ ქვეყნებში. ურბანიზაციის მაღალი დონე მსხვილი ურბანული ცენტრების ინდუსტრიალიზაციისკენ მიდრეკილებაზე, სერვისების უკეთეს ხარისხსა და ყველა სოციალური სიკეთის შედარებით მარტივად ხელმისაწვდომობაზე მიუთითებს და ამ პროცესს სწორი გამოყენება სჭირდება. ქალაქში მაცხოვრებელთა ზრდის პარალელურად აუცილებელია „მიტოვებული“ სასოფლო სამეურნეო მიწების დამსხვილების სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ეფექტური განვითარება, რათა ინდუსტრიალიზაციის ხარჯზე არ ჩამორჩეს სოფლის მეურნეობა და ქვეყანა ბოლომდე იმპორტდამოკიდებული არ გახდეს, სასურსათო დეფიციტის წინაშე არ აღმოჩნდეს და სასოფლო სამეურნეო პოტენციალი გამოუყენებელი არ დარჩეს.  აუცილებელია გატარდეს ტერიტორიული განვითარების დაბალანსებისკენ მიმართულ პოლიტიკა. 

რეგიონული უთანასწორობის მიზეზები და აღმოფხვის გზები

ცნება „რეგიონის“ და მასთან დაკავშირებული სხვა ეკონომიკური კატეგორიების ხსენებისას ფაქტობრივად, განიხილება მუნიციპალიტეტი ან უფრო მსხვილ დონეზე - საქართველოს 9 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - ან (2 ავტონომიური რესპუბლიკა), რომლებშიც მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან და არ წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს, თუმცა მეტ-ნაკლებად ერთ რეგიონში არსებულ მუნიციპალიტეტებს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე გააჩნიათ. მათ  მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და საქართველოს მთავრობას შორის და მათ ხელმძღვანელს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი წარმოადგენს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური ტრანსფორმაციის პარალელურად მომხდარმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მნიშვნელოვანი დაღი დაასხვა ქვეყნის ყველა სფეროს და განსაკუთრებით ეკონომიკას. ეკონომიკური განვითარების სტაგნაციამ და სასურსათო პრობლემებმა განაპირობა მოსახლეობის სოციალური, კულტურული და ფინანსური სიდუხჭირე. ქვეყანაში არსებული ყველა წარმოება, რომელიც ლოჯისტიკურად ჯაჭვურად იყო დაკავშირებული სხვადასხვა ადგილთან, ეს ადგილები სრულიად ახალი სახელმწიფოები აღმოჩდნენ. თუკი მანამდე რეგიონულ დონეზე ზუსტად იყო განაწილებული, რომელ რეგიონს რა უნდა ეწარმოებინა და არ არსებობდა გასაღების ბაზრის პრობლემაც, საზოგადოება დადგა ახალი რეალობის წინაშე: პრაქტიკულად აღარც წარმოების შესაძლებლობა აღარ იყო და აღარც გასაღების. ადამიანებმა უმეტესად თავიანთი შესაძლებლობების კომერციალიზაცია ვაჭრობაში იპოვეს და ვაჭრობა განსაკუთრებით მომგებიანი გახდა იქ, სადაც მოსახლეობა უფრო მეტი იყო. ამ ყველაფერში კი ეკონომიკურად ტრაგიკული იყო შემდეგი მოცემულობა: ადამიანები ყიდულობდნენ და ყიდდნენ საზღვარგარეთ (უმეტესად თურქეთში) წარმოებულ პროდუქციას, სანაცვლოდ ქვეყნის ძირითად საექსპორტო პროდუქტს უნიკალური საწარმოო სიმძლავრეები წარმოადგენდა და ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ გასაყიდი არაფერი გვქონდა, წარმოება უკვე თეორიულადაც აღარაფრის შეგვეძლო. ასე დაიწყო მსხვილ ქალაქებში და განსაკუთრებით საქართველოს დედაქალაქ თბილისში რეგიონებიდან ჩასული მოსახლეობის კონცენტრაცია, გაიზარდა მოსახლეობა, შეიქმნა ახალი მცირე წარმოებები, ხოლო რეგიონები სულ უფრო ღარიბი და დაცარიელებული დარჩა. ეკონომიკური აქტივობა არ არსებობს ადამიანის გარეშე, ადამიანი კი მიდის იქ, სადაც უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური გარემოა.

წლების გასვლასა და ეკონომიკური ზრდის დონის მატებასთან ერთად საქართველოს რეგიონებს შორის უთანასწორობის უფსკრული წლიდან წლამდე იზრდება. ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციებისა და ახალ დაფუძნებული საწარმოების უმეტესობა ისევ ცენტრზე მოდის, რეგიონი კი დამოკიდებულია სახელმწიფო დაფინანსებაზე. რეგიონული განვითარების დაფინანსებაში წამყვანი როლს ასრულებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსური დახმარებები. უკანასკნელ წლებში რეგიონების მიმართ ფინანსური დახმარების მოცულობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც გამოწვეულია საშემოსავლო გადასახადის (რომელიც 2008 წლამდე ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩაირიცხებოდა) მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვით და გათანაბრებითი ტრანსფერის უკან დაბრუნებით. 2019 წლიდან შეიცვალა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსების წესი. გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადიდან წილის ნაცვლად, მათზე ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადის 19%. საბოლოოდ, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლები იზრდება, თუმცა უთანაბრობა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალი ეკონომიკის ზრდის პარალელურად იცვლება, ეკონომიკური ზრდა კი რეგიონებში არასახარბიელოა. შესაბამისად, შემცირდა ადგილობრივი ბიუჯეტების საკუთარი შემოსულობები. საქართველოს ყველა რეგიონი თანაბრად განვითარებული არ არის და არ გააჩნია თვითკმარი ბიუჯეტი. მოსახლეობა რეგიონებში უმეტესად დასაქმებულია ან საბიუჯეტო ორგანიზაციაში ან სოფლის მეურნეობის სფეროში რაც ვერ ქმნის საკმარის ეკონომიკური დოვლათს.

ცხრილი №1[1]

პირდაპირ იუცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით

(ათასი აშშ დოლარი)

რეგიონი

2015

2016

2017

2018

2019

2020

(I+II კვ.)

სულ

1 728 758,1

1 652 577,3

1 978 281,5

1 306 290,0

1 310 773,7

409 583,7

ქ. თბილისი

1 382 913,2

1 414 666,4

1 527 256,4

1 038 997,3

912 232,3

237 477,5

აჭარა

207 849,1

108 433,9

210 798,0

78 209,2

198 094,6

73 160,3

კახეთი

17 542,5

3 421,7

12 437,3

-8 618,1

199,7

2 844,0

სამცხე-ჯავახეთი

31 296,6

30 812,9

38 870,3

45 189,0

50 734,2

6 718,8

ქვემო ქართლი

21 180,5

29 129,9

64 693,2

86 374,8

48 082,6

35 824,1

სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია

50 730,1

35 640,6

56 264,6

-10 400,4

46 115,7

24 086,9

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

25 701,8

27 309,9

61 137,3

27 471,3

46 211,5

10 409,0

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

-8 455,7

3 162,0

6 824,4

49 066,8

9 103,2

19 063,1

წინამდებარე ცხრილიდან ჩანს რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, თბილისში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ, 3-ჯერ ან მეტჯერ აღემატება დანარჩენ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებს. აღსანიშნავია, რომ იმერეთის, აჭარისა და სამეგრელოს მონაცემებში შესულია აგრეთვე ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინევსტიციები. აღნიშნული სურათი შესაძლებლობას გვაძლევს ვთქვათ, რომ ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და შესაბამისად ეკონომიკური დოვლათი ძირითადად თბილისსა და რამდენიმე მსხვილ ქალაქში იქმნება, დანარჩენი რეგიონები, რომლებიც გარს ეკვრის ქალაქებს, თითქმის ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური სიკეთის გარეშე რჩება, რაც ისედაც გაღარიბებული რეგიონების კიდევ უფრო დაცლასა და გაღატაკებას იწვევს.  ზემოთ მოცემული ცხრილი პირდაპირ ასახვას პოვებს რეგიონების ეკონომიკურ აქტივობასა და მშპ-ში მის წილში: 


დიაგრამა №1[2] 

საქართველოს დედაქალაქს მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში ნახევარზე მეტი წილი უჭირავს, რაც გვაძლევს დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ საქართველოს მოსახლეობის ხვედრი მკვეთრად არათანაბარ სოციალური-ეკონომიკურ ყოფაში ცხოვრებაა და აღნიშნული ვითარება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ასახვას პოვებს მოსახლეობის შემოსავლებსა და მათი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის დონეზე. ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რომ თბილისში მცხოვრების საშუალო თვიური შემოსავალი, მთელი ქვეყნის საშუალოს აღემატება, კონკრეტულ რეგიონებთან შედარებისას კი სხვაობა 50 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. 

ცხრილი №2[3]

მოსახლეობის საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი შემოსავლების განაწილება

რეგიონების მიხედვით, გაანგარიშებული ერთ სულზე (ლარი)

წელი

კახეთი

თბილისი

შიდა ქართლი

ქვემო ქართლი

აჭარის ა.რ.

სამეგრელო–ზემო სვანეთი

იმერეთი

დანარჩენი რეგიონები**

საქართველო

2014

251,5

336,8

252,3

213,0

265,4

282,8

266,3

250,6

278,7

2015

289,7

346,1

250,5

223,7

254,0

312,1

273,8

265,1

290,2

2016

297,3

373,8

256,6

235,3

287,9

311,6

271,6

247,1

302,2

2017

273,0

372,6

282,7

268,2

303,0

303,3

319,8

285,4

317,2

2018

357,6

369,2

307,1

251,5

295,2

275,2

310,3

281,5

318,3

2019

346,7

365,7

309,3

283,4

333,8

300,7

360,2

327,6

336,1

ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკა, ფართო გაგებით, უნდა განიხილებოდეს როგორც განვითარების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. ქვეყნის რეგიონების განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებას, რათა ქვეყანაში შექმნილი კეთილდღეობა არ იყოს ფრაგმენტული და ყოფითი პრობლემების საფუძველზე არ მოხდეს მოსახლეობის არათანაბარი განსახლება, ან მეტიც, ეთნიკური სიჭრელიდან გამომდინარე, სოციალურმა პრობლემებმა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ შეუქმნას საფრთხე. რეგიონული განვითარების ხელშეწყობისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. ესაა: მართვის ტერიტორიული სტრუქტურების გაჯანსაღება, ზოგიერთი უფლებამოსილებისა და ვალდებულების დეცენტრალიზაცია; რეგიონების (და ქვეყნის) ეკონომიკური განვითარების სტიმულირება; თუმცა რეალური თვითმმართველობის უფლებების მინიჭებასთან ერთად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არაავტოქტონური მოსახლეობის მაღალი წილის გამო  აღნიშნულ საკითხს ყურადღებით უნდა მივუდგეთ და არ დავუშვათ შიდა თუ გარე ძალების პროვოცირებით სეპარატისტული განწყობების გაღვივება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემებმა მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებას. აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონები, რომლებიც ვერ კონტროლდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ, ქვეყანა მიიყვანა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე. შესაბამისად, ამ გამოცდილების გამო ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს სიფრთხილე გამოიჩინოს თუნდაც განვითარებაზე მიმართული ფინანსური რესურსების და უფლებამოსილებების აკუმულირების საკითხის მიმართ. რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურის არაადეკვატურობა საქართველოს სოფლის მოსახლეობის სიღარიბის დამამძიმებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობა მეტად მძიმეა და მას ფუნქციონირება აღარ შეუძლია. რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურის ამორტიზირებული ქსელების აღდგენას, რათა ცენტრთან ბმის ხარისხი ამაღლდეს. რეგიონების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს სოფლად სიღარიბის დაძლევაში, რადგან იგი თანაბარი განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ინფრასტრუქტურას დადებითი ზეგავლენა აქვს სოფლის ეკონომიკის ზრდაზე. ის იზიდავს სექტორში კერძო ინვესტიციებს; აფართოებს გასაღების ბაზრებს; ხელს უწყობს ტრადიციული სექტორის (ფერმერული საქმიანობა) პროდუქტიულობის ზრდას. ყველა ზემოთ დასახელებული პრობლემის მოგვარებისთვის კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თვითკმარობა და მასში შესაბამისი თანხების არსებობაა საჭირო, რაც რეგიონის ეკონომიკური აქტივობის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია. ინფრასტრუქტურული და ყოფითი პრობლემების მოგვარებას ჭირდება შესაბამისი სახსრები, შესაბამისი სახსრები არ არსებობს ეკონომიკური აქტივობის გარეშე, ეკონომიკური აქტივობა, თავის მხრივ,  არ არსებობს მოსახლეობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე, მოსახლეობა კი მიდის იქ სადაც ცხოვრების მაღალი დონეა. შესაბამისად, საჭიროა ერთი პრობლემის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რამდენიმე დეტალის ერთდროულად ამოძრავება და რეგიონებში თვითგანვითარების მექანიზმის ჩადება შესაბამისი მოქნილი საკანონმდებლო და მასტიმულირებელი პოლიტიკის დახმარებით.

რეგიონული განვითარებისთვის პირველ რიგში საჭიროა პოტენციალის კვლევა. რომელ რეგიონში რისი გაკეთება შეიძლება, რომელი სასოფლო სამეურნეო კულტურის მოყვანა თუ ინდუსტრიული მიმართულების შექმნა იქნება მომგებიანი. შესასწავლია საწარმოო ძალების ოპტიმალური განლაგება, ეკონომიკის რეგიონული სტრუქტურიზაცია, და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება, სამეურნეო პრიორიტეტების განსაზღვრა და ეკონომიკის რეგიონული სტრუქტურის სხვა ასპექტების შესწავლა. კვლევის შედეგები დაკავშირებული იქნება მოსახლეობის განსახლებასთან, შრომითი რესურსებისა და ბუნებრივი რესურსების დახასიათებას, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო-სამეურნეო კომპლექსების შექმნა-მოდელირებასთან და სხვ. საჭიროა დაზუსტდეს რეგიონებს შორის ეკონომიკური კავშირები, მობილიზდეს საფინანსო, შრომითი და საკადრო რესურსები ეკონომიკური და ადმინისტრაციული რაიონების შესწავლისა და მათი ტრანსფორმაციისთვის.

ქვეყნის რეგიონული მოდელირება ისტორიული ფენომენია. რეგიონული მოწყობა ეროვნულ კულტურასთან ერთად ვითარდებოდა და ასწლეულების მანძილზე ქვეყნის ეროვნული თავისებურებების კვალობაზე ფორმირდებოდა, როგორც ერის ხასიათის განმსაზღვრელი ნიშანი. თუკი ჩვენ არ დავიწყებთ საქართველოში არსებული რეგიონული მოდელის ამა თუ იმ ფორმის გადაკეთებას და გამოვიყენებთ ისტორიულად არსებულ, თვითდამკვიდრებულ დაყოფას, ეს სახელმწიფოს მართვის შესაძლებლობას უფრო გაამარტივებს.

ამა თუ იმ რეგიონის სტრუქტურული სპეციფიკისა და გარდაქმნის შესაძლებლობების ცოდნა რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი საწყისი ეტაპია. თუკი ჩვენ ყველა რეგიონში თანაბრად ვუზრუნველყოფთ საქონლისა და მომსახურების წარმოების, ასევე საქართველოს საინვესტიციო სივრცის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ეს იქნება ცხოვრების პირობების და სტანდარტების მდგრადი გაუმჯობესების საფუძველი. საქართველოში დღეს არსებული სურათით, რეგიონიდან რეგიონზე ჩვენ ვანაწილებთ მათი გამოთანაბრების მიზნით არა ეკონომიკურ დოვლათს, არამედ ამ ყველაფერს ჩვენი აზრით უფრო კარგი იქნება თუ ვუწოდებთ „სიღარიბის თანაბარ გადანაწილებას“. ფაქტიურად სახეზე გვაქვს ერთი ან რამდენიმე ერთეული თვითმკმარი რეგიონი და მასზე მიბმული ათეულობით ღარიბი რეგიონი, რომლებიც არსებობისთვის დახმარებას საჭიროებენ. ამგვარად, ტრადიციული გამოთანაბრებითი პოლიტიკის ალტერნატივად უნდა ვაქციოთ რეგიონული განვითარების პოლიტიკა, რომლის განხორციელების შემთხვევაში შემცირდება ფინანსური რესურსების გადანაწილების საჭიროება ეფექტიანი რეგიონებიდან სუსტი ტრადიციული ეკონომიკური ბაზის და განვითარებისათვის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე, ნაკლებად განვითარებულ რეგიონებზე. ყველა რეგიონის მიმართ ერთგვაროვანი პოლიტიკის მექანიკური გამოყენება ზღუდავს რეგიონული განვითარების შესაძლებლობებს.  ყველა ქალაქსა და რეგიონს უნდა ჰქონდეს თავისი ეკონომიკური ფუნქცია. საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზის შედეგად (რეგიონული საინვესტიციო სისტემა - რსს) სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს რეგიონებში ინვესტიციური პრიორიტეტები და იქ მათი ინვესტირება ასტიმულიროს საგადასახადო შეღავათებით. მაგალითად, თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომლისგანაც შახტების ამორტიზირებისა, ნახშირის მოპოვება-გასაღების სირთულის გამო მივიღეთ დეპრესიული რეგიონი, საკომპენსაციოდ უნდა განვითარდეს ტექსტილის წარმოება, პრეფერენციულ საგადასახადო სისტემაზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას სპეციალური ზონა. სახელმწიფომ ყველა პოტენციურ ინვესტორს უნდა უთხრას, რომ ტექსტილის ქარხნის იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსების შემთხვევაში ისინი გარკვეული წლების განმავლობაში არ დაიბეგრებიან მოგების გადასახადით, გარკვეული დრო მათ გადასახადი იქნება განახევრებული და სახელმწიფოსგან მიიღებენ ხელშეწყობას. თითოეული რეგიონისა და ინვესტორისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური საშეღავათო წინადადებების პაკეტი. მსგავსი პოლიტიკის გატარება სხვადასხვა რეგიონში გამოიწვევს რეგიონის მოსახლეობის დასაქმებას, დამატებული ღირებულებისა და შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტების ზრდას, რაც პირდაპირ კავშირში იქნება ინფრასტრუქტურული, სოციალური და მუნიციპალური პრობლემების მოგვარებასა და ცხოვრების დონის ხარისხის გაუმჯობესებასთან.

სოფლის მეურნეობის განვითარების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ სტიმული უნდა მისცეს მიწების დამსხვილებას კოოპერატივებში. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა დასაქმდეს რეგიონულ ცენტრებში არსებულ არასასოფლო სამეურნეო სექტორში, ხოლო დამსხვილებული ფერმერების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობა გასცდება პირად საჭიროებებს, დააკმაყოფილებს ადგილობრივ ბაზარს და შესაძლებელი გახდება ექსპორტიც. დღევანდელ პირობებში, სოფლის მეურნეობაში მიღებული პროდუქტის უმრავლესობა მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, პირად საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს. კონკრეტულ რეგიონში შეფარდებითი უპირატესობიდან გამომდინარე, კონკრეტული ბიზნესის სახეობებზე უნდა დაწესდეს საგადასახადო და სხვა ტიპის შეღავათები, რაც ბიზნესის დაწყებას გაამარტივებს, ხოლო სახელმწიფოს ყველა რეგიონში მოსახლეობის ცხოვრების დონის გამოთანაბრებას და სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული ,,ეკონომიკური ფაზლის“ შექმნას შეუწყობს ხელს. ურბანიზაცია აღარ იქნება ქაოტური და მას მიეცემა ჩამოყალიბებული, გააზრებული ფორმა. ევროპული გამოცდილებით, ისეთ სოფლის ტიპის დასახლებებში, სადაც სასოფლო სამეურნეო მიწები ნაყოფიერი არაა, სტიმულირების მექანიზმით შესაძლებელი იქნება მცირე ინდუსტრიული ზონების შექმნა და განვითარება. ამ ზონებზე ავტომატურად მიებმება მოსახლეობა და თანაბარი განსახლებაც ავტომატურად იქნება განპირობებული. სახელმწიფომ სრულად ან ნაწილობრივ უნდა გაანთავისუფლოს დღგ-სა და მოგების გადასახადისგან ეროვნული წარმოების ის საქონელი და მომსახურება, რომელის წარმოება ახალი დაწყებულია, არ არის განვითარებული და ჰყავს ქართულ ბაზარზე ძლიერი უცხოელი კონკურენტები. ახლად დაწყებული ინოვაციური ბიზნესი გარკვეულ ბრუნვამდე და გარკვეული პერიოდი (პირობითად 5-10 წელი ან 1 000 000 ლარიანი ბრუნვა) უნდა განთავისუფლდეს დღგ-სა და მოგების გადასახადისგან. გადასახადი არ უნდა იყოს ყველა რეგიონში ერთნაირი, უნდა მოხდეს დეპრესიულ და ნაკლებად დეპრესიულ რეგიონებს შორის განაკვეთის დიფერენცირება, რაც ბიზნესს უბიძგებს წარმოების დეპრესიულ რეგიონში გადატანისკენ და გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, შედარებით გათანაბრდება ცხოვრების დონე. 

დასკვნა

საქართველოს რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე მკვეთრად არათანაბარია. აღნიშნულმა უთანასწორობამ გამოიწვია ცხოვრების დონის სხვაობა და მოსახლეობის არათანაბარი განსახლება რეგიონებიდან ერთი კონკრეტული ცენტრისკენ. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი  კონცენტრირებულია დედაქალაქში, რაც ქმნის სატრანსპორტო, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების თუ სხვა სახის პრობლემებს. ეკონომიკური განვითარების უთანასწორობის პრობლემების აღმოფხვრა ნიშნავს სოციალურ თანასწორობას, თანაბარ განსახლებას და ძლიერ სახელმწიფო ეკონომიკას. რეგიონებში უთანასწორობის პრობლემების არმოფხვრისთვის აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშავოს მთელი რიგი ღონისძიებები.

საქართველოს რეგიონული განვითარება უნდა დაიწყოს რეგიონების პოტენციალის კვლევით. მთავრობის მიერ შერჩეულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირთა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს თითოეული რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობა და მისი კუნკურენტუნარიანობა მსოფლიო ან რეგიონულ ბაზართან მიმართებაში, რის საფუძველზეც შეიქმნება რეგიონული განვითარების სტრატეგია. რეგიონული საინვესტიციო სისტემა უნდა ვაქციოთ ქვეყნის დაბალანსებული და დაჩქარებული ეკონომიკური განვითარების ახალ ინსტრუმენტად. წინასწარ განსაზღვრულ რეგიონებში სახელმწიფომ უნდა მოახერხოს შესაბამისი ინვესტიციების მიმართვა და პოტენციური ინვესტორების საგადასახადო და არასაგადასახადო შეღავათებით მოხიბვლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ სტიმული უნდა მისცეს მიწების დამსხვილებას კოოპერატივებში. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რეგიონულ ცენტრებში ინდუსტრიული ზონების შექმნით დასაქმდება არასასოფლო სამეურნეო სექტორში, ხოლო დამსხვილებულ სასოფლო სამეურნეო მიწებზე ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ფერმერთა ცოდნის ასამაღლებელ შესაბამის პროგრამებში ჩართვით უნდა გასცდეს პირად საჭიროებებს, დააკმაყოფილებს ადგილობრივ ბაზარი და მიზნად დასახული უნდა იყოს საექსპორტო ბაზრებზე გასვლა. სახელმწიფოს ცალკეული რეგიონების განვითარება ნიშნავს არა მარტო კონკრეტული რეგიონის განვითარებას, არამედ საერთო სახელმწიფოებრივ დონეზე ცხოვრების ხარისხის არსებით გაუმჯობესებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., აბრალავა ა., რეგიონალიზმი: თეორია და პრაქტიკა, თბ., 2008.
  2. ბარათაშვილი ე., ვეშაპაძე პ., რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა. თბ. 2002.
  3. საქართველოს რეგიონული განვითარება, თბილისი 2009, http://icsrpa.com/images/DR_Geo.pdf
  4. საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2015-2017 წლები, http://gov.ge/files/381_43285_728272_1215-1.pdf
  5. საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021, http://gov.ge/files/495_66443_702865_1292.pdf
  6. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020, https://napr.gov.ge/source/სტრატეგია/ViewFile.pdf
  7. ღავთაძე გ., ჩიხლაძე ნ., იმერეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პირობები და პერსპექტივები, ქუტაისი, 2009.
  8. ჩიხლაძე ნ., ვალიშვილი თ., გაბელაშვილი კ. ქალაქის ბრენდინგის აქტუალური საკითხები - ქუთაისური წახნაგები. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2014.
  9. www.geostat.ge - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი;
  10. www.mrdi.gov.ge - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდი.


[1] წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური

[2] ყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური

[3] წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური